fbpx

ახალ გუდაურში უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობა დაიწყება

ახალ გუდაურში უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობა დაიწყება – შესაბამის მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ მოეწერა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად არის შესაძლებელი, ეს ციფრი ავიდეს 300 მილიონ დოლარამდე, რაც შესაბამისად მოითხოვს ინვესტიციებს, ახალ საწოლ ადგილებს და ახალი სერვისების მიწოდებას. ჩვენ კანადურ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მოქცეულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც კომპანია „რედკო“ აპირებს პროექტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ტერიტორია არ განვითარდება ქაოტურად, არამედ ერთიანი, გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება გუდაურში დამატებითი ღირებულების შექმნისთვის“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომპანია „რედკომ“ 2016 წლის მაისის თვეში შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა შემუშავდა მსოფლიოში ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს.

ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, შეიქმნება დამატებითი დასვენებისა და გასართობი ინფრასტრუქტურა – ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს. გარდა ამისა, „რედკოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – “Sheraton”-ისა და “Four Points by Sheraton”-ის სასტუმრობი გაიხსნება.

დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, კომპანია „რედკოს“ მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამოდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო 2017 წელს კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში „Radisson Blu“-ს ბრენდის სასტუმროს გახსნის, რისთვისაც დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. მისი განცხადებით, სახელმწიფო უახლოეს დღეებში იწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას, რაც გუდაურის ისტორიაში პირველად შექმნის საკმარისი წყლის დებეტს. 2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, ასევე შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის.

ინფორმაციისთვის: გუდაური ზაფხულშიც აქტუალურია ტურისტებისთვის. კურორტზე, საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი სიგრძის ველობილიკია მოწყობილი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ველობილიკის მშენებლობა სლოვენიურმა კომპანია „ალიანსმა“ განახორციელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში გუდაურში საკმაო პროგრესია: ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. მრავალდჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.
გუდაურის ისტორიაში წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო. 2015-2016 წლებში კურორტზე 201821 ვიზიტორი დაფიქსირდა. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის მომატებული, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 63 %-ით.

By | 2016-09-28T18:13:24+00:00 მაისი 24th, 2016|სიახლეები|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ახალ გუდაურში უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობა დაიწყება
დარეკვა
+
დამირეკეთ!