fbpx

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გუდაურში

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12 ოქტომბერს გუდაურს ეწვია და სამთო კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანია „RED-CO“-ს მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზის შესახებ, რომელიც 10 ჰა განვითარებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელში დასრულდება. დაგეგმილია 26 ნაგებობის მშენებლობა, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, როგორიცაა, „Radisson Blu“ და „Sheraton“. ჯამში გუდაურს აღნიშნული პროექტით 1500 ნომერი დაემატება. რაც შეეხება უშუალოდ „Radisson Blu“ სასტუმროს, გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდიდან გამომდინარე, განხორციელდა თავდაპირველი პროექტის გარდაქმნა და მისი ცვლილება 200–ნომრიან სასტუმრომდე და 400–ნომრიან აპარტამენტებამდე. აღნიშნული პროექტის დასრულებას „რედკო“ 2017–18 წლების ზამთრის სეზონისთვის გეგმავს.

პირველი ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის მთის კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გუდაურში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. „დღევანდელ ეტაპზე პოტენციალი, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გამოვლენილი. 170-180 მლნ. ლარის ინვესტიციას გულისხმობს. მისი განცხადებით, 2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს – ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. აღსანიშნავია, მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამი საბაგირო შენდება გუდაურში. „ჯამურად, ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და საქართველოს მიმზიდველობას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

By | 2016-10-13T18:27:03+00:00 ოქტომბერი 13th, 2016|Gudauri, სიახლეები|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გუდაურში
დარეკვა
+
დამირეკეთ!